არჩილ თალაკვაძე - ზაურ დარგალს აქვს სრული შესაძლებლობა, იყოს წარმატებული პარლამენტარი და  მაჟორიტარი
არჩილ თალაკვაძე - ზაურ დარგალს აქვს სრული შესაძლებლობა, იყოს წარმატებული პარლამენტარი და მაჟორიტარი

„2010-2012 წლებში ზაურ დარგალი დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მუშაობდა, რომლის მიზანიც პოლიტიკური უფლებების, კრიტიკული აზრისა და მედიის თავისუფლების დაცვა იყო. პროგრამა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ზაური 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის იყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარნეულში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიაღწია და გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა.

„დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი ისტორიის წინაშე, რომელიც ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. აქ არის მაგალითი, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა, რას ნიშნავს სახელმწიფო და როგორ ესმის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მარნეულსა და გარდაბანში თავისი სახელმწიფო და თავისი სამშობლო. დღეს შევიკრიბეთ, რათა ერთად შევაჯამოთ, თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში და ასევე ვისაუბროთ უფრო მეტი მომავალთან დაკავშირებით – რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ერთად ხვალ.

თქვენი მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ფუნდამენტური პირობა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა და მძიმე დღეებმა, რომლებიც ერთად გამოვიარეთ გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ შორის, მარნეულში. ქვეყანას ჰყავს ღირსეული და ეფექტური ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, ერთად შევძელით, შეგვეკავებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება. დღეს ჩვენი ქვეყანა ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, დღეს ვსაუბრობთ მომავალზე, გვაქვს გეგმები და გვაქვს ქვეყანაში სტაბილური ვითარება. ზუსტად ეს არის იმის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტები და ამავე დროს, შევძელით, ერთად ვყოფილიყავით გამოწვევებსა თუ პროგრესში. იმედს ვიტოვებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა იქნება. ამ კონტექსტში, მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალს აქვს ის უპირატესობები, რის გამოც იგი მარნეულის საუკეთესო არჩევანი იქნება.

„გვაქვს გეგმები, ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა – განათლების სფეროში, გვაქვს რეფორმები, დაფინანსების ზრდა, ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერთა დახმარება. მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ეკონომიკას ოჯახებისთვის, გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და თითოეულს მისცემს თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.  მინდა, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებთან დაკავშირებით: დარწმუნებული ვარ, ზაურ დარგალთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, თქვენთან ერთად, შევძლებთ, მეტი კარი გავუღოთ ახალგაზრდებს, შევძლებთ, თქვენს შვილებს მივცეთ მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში.

ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა ზაურ დარგალთან დაკავშირებით. ახალგაზრდა, განათლებული კაცი. თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ მას, თუმცა, მინდა, დავახასიათო ის, როგორც ძალიან ეფექტური და პროგრესული საჯარო მოხელე. ვფიქრობ, ამ მძიმე დღეებში, რომლებიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ ის თავისი ქალაქის ღირსეული მერია. მან გაამართლა საკუთარი არჩევანი და დარწმუნებული ვარ, ახლაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, ის გაამართლებს ამ არჩევანს.

მინდა, გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მისი სამუშაო გამოცდილებიდან. 2010, 2011 და 2012 წლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს იყო წლები, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა. როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება, ელემენტარულად, ხალხთან მისულიყვნენ. ზუსტად იმ წლებში, ზაურთან ერთად, ჩვენ შევქმენით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლო კითხვების დასმა, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, შევქმენით ერთად თავისუფლების კუნძულები და ზაურ დარგალი იყო საქართველოში 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის, რომლებიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევარჩიეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წლები. შემთხვევით არ ვამბობ. ძალიან პრინციპული და კრიტიკული იყო მაშინ მუშაობა იმ პროგრამაში, სადაც ზაური მუშაობდა, რადგან იყო დიდი წნეხი, დიდი ზეწოლა თავისუფალ აზრსა და დემოკრატიაზე, მაგრამ მან წარმატებით იმუშავა. შემდეგ ის იყო საჯარო სამსახურში, ასევე არჩეული მერად და დღეს, ვფიქრობ, მას აქვს სრული შესაძლებლობა, იყოს წარმატებული პარლამენტარი და თქვენი მაჟორიტარი. ახალგაზრდა, ენერგიული კაცია, მას აქვს მთელი გუნდის მხარდაჭერა – საპარლამენტო, სამთავრობო გუნდის, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია ჩვენთან. ასევე, აქვს უნარი და შესაძლებლობა, ყველაზე საჭირო პროექტები დაამუშაოს, მოიტანოს და გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ზუსტად ეს არის ის უპირატესობა, რისთვისაც, ზაურ დარგალი თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება ამ საპარლამენტო არჩევნებში. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ საქმის კეთებას, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.