არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, ოთხოზორიას მკვლელობას საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში რეაგირება მოჰყვეს
საქართველოს ხელისუფლება არანაირ პროვოკაციაში არ ჩაერთვება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასა და სხვა შემთხვევებს სათანადო შეფასებები მიეცეს და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში რეაგირება მოჰყვეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესი და მშვიდობიანი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოების თითოეული წევრის მოლოდინია, ქვეყნის მომავალი მშვიდობიანი, პროგნოზირებადი იყოს და გაგრძელდეს რეფორმები, ეკონომიკური განვითარების პროცესი, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიგვიყვანს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ამ პოლიტიკას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო რეზოლუციაში მოთხოვნები ძალიან თანმიმდევრულად იყო დაყენებული.
„პირველი მთავარი მოთხოვნა ცხედრის გადმოსვენება იყო, რაც უკვე მოხდა. შემდეგი მოთხოვნები კი საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაა. ამის გარეშე შეუძლებელი ხდება ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას და უბრალო ადამიანებს გვქონდეს განცდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი, რათა მასში შეყვანილი ყველა ადამიანი გრძნობდეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული რეაგირების გარეშე არ დარჩება და ეს ფაქტები დავიწყებას არ მიეცემა.