არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილება მიღებული იყოს
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილება მიღებული იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასევე მუშაობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელიც პარლამენტში დადგენილ ვადებში შევა, რის შემდეგაც უკვე საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით მიმართავენ.
„არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ძალიან პრინციპული პოზიცია და მკაცრი შეფასება ჰქონდა, რასაც ეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობაც. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩვენ დავგმეთ ეს ფაქტი და მოვითხოვეთ კონკრეტული ქმედებები, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, გამოძიების წარმოება.
როგორც ხედავთ, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მის მიმართ მართლაც ჰქონდა ძალადობას ადგილი და ის არის მოკლული. ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო სასამართლოში ამასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული, სადაც მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია, ასევე ვმუშაობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელიც დადგენილ ვადებში შემოვა პარლამენტში და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ამასთან დაკავშირებითაც დამატებით მივმართავთ.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იცით, რომ ამ კუთხით ვითარება არის სავალალო და, რა თქმა უნდა, იქ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია. სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.