არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პარლამენტის საგაზაფხულო სესია იყოს შედეგიანი იმ მიმართულებით, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პარლამენტის საგაზაფხულო სესია იყოს კიდევ უფრო შედეგიანი იმ მიმართულებით, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას აწუხებს სიღარიბე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და განათლების სფერო.
ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტში წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენენ.
„სესიას ახალი რეგლამენტი აქვს, რომელიც პარლამენტის საქმიანობას თვისობრივად ცვლის, მის შესაძლებლობას, რომ მთავრობაზე ზედამხედველობა განახორციელოს. პარლამენტში წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოვუსმენთ. ეს იქნება საკმაოდ საინტერესო ფორმატი, სადაც დეპუტატებს საშუალება ექნებათ, კითხვები დასვან. სიღრმისეულად მოხდება დებატები იმ საკითხებზე, რომლებზეც პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში თავდაპირველად მიხეილ ბატიაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დღეს გახსნა და საქმიანობა სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყო.