არჩილ თალაკვაძე - ყველა საკითხი, ყველა წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკების პროცესში, დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით არის მოგვარებული
ყველა საკითხი, ყველა ის წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკების პროცესში, დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით არის მოგვარებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას თუ შეთანხმების სურვილი აქვს, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა მმართველი გუნდისთვის მისაღები 130/20-ზე მოდელი, თალაკვაძე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ხალხის ხარჯზე და ხალხის ხმებით რაიმე ტიპის ასეთ ვაჭრობებში შესვლა.
„ჩვენთვის მიუღებელია ხალხის ხარჯზე და ხალხის ხმებით რაიმე ტიპის ასეთ ვაჭრობებში შესვლა, რომელიც ხუთით მეტ, თუ ხუთით ნაკლებ ადგილს უკავშირდება. ყველა საკითხი, ყველა ის წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკების პროცესში დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით არის მოგვარებული. თუ შეთანხმება სურს ოპოზიციას, ამისთვის ყველა პირობა შექმნილია, ნაბიჯები ყველა მხრიდან გადადგმულია და მადლობას ვუხდი, ვინც იყო კონსტრუქციული ამ პროცესში, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. თუ შეთანხმება სურს ოპოზიციას ყველა პირობა არის შექმნილი. ჩვენი მხრიდან დღეს ყველა ყველა სამართლიანი, პრაგმატული და მოთხოვნილი პირობები არის აბსოლუტურად დაკმაყოფილებული და ეს იცის ოპოზიციამ.
დაველოდებით, თუ რა იქნება შემდეგი დიალოგისთვის შეთანხმების საგანი, ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რჩება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შევძლოთ ჩვენ, როგორც მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ოპოზიციასთან მორიგ ოფიციალურ შეხვედრამდე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთავაზების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.