არჩილ თალაკვაძე - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით, დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომლებიც გვესმოდა და დღესაც გვესმის
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით, დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომლებიც გვესმოდა და დღესაც გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.
„როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ბიზნესი და სახელმწიფო თანამდებობის პირები ბევრად უფრო დეტალურ დეკლარაციას აბარებენ? არსებობს ევროკავშირის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ ევროკავშირის ყოველი ათი გამოკითხული მოქალაქიდან რვა სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს მისი ქვეყნის დემოკრატიაში გარე ჩარევასა და უცხოურ ზეგავლენას.
ეს პრობლემა თუ არსებობს ევროკავშირში, არსებობს საქართველოშიც. მით უფრო საქართველოში, რადგან ჩვენ ბევრად უფრო რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ და აქ რისკები, ინტერესთა გადაკვეთა არის ბევრად უფრო მაღალი.მთავარი დასკვნაა, რომ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრს დანერგავს, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს. ამ სფეროში უფრო მკაცრი რეგულაციები აქვთ აშშ-ს, ავსტრალიას, ისრაელს და მსგავს კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყო კანადამ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.