არჩილ თალაკვაძე - ყველა პრინციპულ საკითხზე, მათ შორის 40-პროცენტიან ბარიერზე, ოპოზიციას სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები შევთავაზეთ, დღეის მონაცემებით, შეთანხმება შესაძლებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორც პროპორციებთან, ასევე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპთან, ბარიერთან მიმართებაში მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციისთვის სამართლიანი და პრაგმატული შეთავაზებაა გაკეთებული.
ამის შესახებ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, დღეის მდგომაროებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.
„ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომლებიც განიხილებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოზიციების დაახლოებას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გუნდსაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40-პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკებების საგანი იყო, თუმცა ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას, რომელიც განიხილებოდა, ცდება. მინდა, დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან, არის ნაბიჯები გაადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას, დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს, რომ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს.
მე ჯერ კიდევ წინა დღეებში განვაცხადე, შესაძლოა ოპოზიცია არ ელოდა, მთელი კვირის და ათი დღის განმავლობაში მათი მთავარი სპიკერები ამბობდნემ, რომ პარტიას, რომელსაც 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის და ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ეს არის, ჩვენ არც კი გვიფიქრია როდესმე ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას და არც წარსულში, არც ერთ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ არ გვქონია ამაზე ნაკლები შედეგი. შესაბამისად, არც მომავალში არ ვფიქრობთ, რომ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით რომელიმე პარტიას და მითუმეტეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს ხელისუფლება. პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და მივიღოთ 40 პროცენტზე გაცილებით მაღალი შედეგი. შესაბამისად, ეს პირობა ჩვენთვის ცალსახად სამართლიანია და ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ოპოზიციას კონკრეტული საკანონმდებლო მონახაზი, როგორ შეიძლება ეს აისახოს კანონში. მეორე – როდესაც საუბარია პროპორციებზე, თუ 40 პროცენტის პრინციპი იქნება ასახული კანონმდებლობაში, 110/40-ზეც, 11/50-ზეც რეალურად ხდება მეორეხარისხოვანი საკითხი, ვინაიდან ამ ჩამკეტის, ანუ 40 პროცენტიანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში, ეს განაწილება ათით მეტი იქნება, თუ ნაკლები, საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს. დღეის მონაცემებით, ის, რაც ჩვენი მხრიდან არის შეთავზებული, პრაქტიკულად მაქსიმალურად არის დაახლოებული იმ მოცემულობასთან, პროპორციული არჩევნები 5-პროცენტიანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ახლა როგორც ეს წერია კონსტიტუციაში 2024 წლისთვის, მივიღებდით დაახლოებით იგივე შედეგებს, მაქსიმალურად დაახლოებულ შედეგებს, რომლის მოლოდინიც დღეს არსებული შეთავაზებით შეიძლება იყოს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.