არჩილ თალაკვაძე - ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ისედაც შეთანხმებულია, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა
ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ისედაც შეთანხმებულია, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და, რომ ამ საერთო ეროვნულ საკითხზე ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება და ხელისუფლება დადგება ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა ოკუპაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაბა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
თალაკვაძის თქმით, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა ცნობილია.
„ჩვენი ხედვა ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკა და უსაფრთხოების უფრო ძლიერი სისტემა და მობილიზებულ იქნება ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა, მომენტი, როდესაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შევძლებთ გამოვიყენოთ სწორად, აღვადგინოთ ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცადებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმედია, ხაზარაძის ინიციატივები პოლიტიკური პროგრამის სახეს მიიღებს და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რომელიც მისაღებია და რომელი არა.
„ჩვენ კიდევ ვნახავთ მამუკა ხაზარაძის მხრიდან განცხადებებს, ინიციატივებს. იმედია, ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური პროგრამის სახეს მიიღებს და საზოგადოებას წარუდგენს საარჩევნოდ. ამის შემდეგ საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, რომელი მისაღებია და რომელი არა. ჩვენი გუნდი მისი განცხადებების კომენტატორად ვერ გამოდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკურ ძალებს ოკუპაციის თემის გარშემო გაერთიანება, დისკუსიები და ერთიანი პოზიციების შემუშავება შესთავაზა. როგორც ხაზარაძემ მოძრაობის 12 ახალი წევრის წარდგენის შემდეგ დღეს განაცხადა, ის მზად არის, დისკუსიის მაგიდასთან დაჯდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია.