არჩილ თალაკვაძე - ყველა დოკუმენტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია
ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფების დანაწილების პრინციპების მიმართ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ. თქვენ კარგად გახსოვთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. ამგვარ განცხადებებს ყოველთვის საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შეთანხმების ხელმოწერიდან სამი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.
„უგულავას და რურუას განცხადებებს 5-6-7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მათ მადლობა გადაუხადეს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბატონმა ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოსებმაც. ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, რადგან „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.