არჩილ თალაკვაძე - აქტიურად ვართ ჩართული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ახლაც დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ვისაუბრებთ საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
არჩილ თალაკვაძე - აქტიურად ვართ ჩართული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ახლაც დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, ვისაუბრებთ საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქმიანობაში და ახლაც, როგორც სხდომებზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით დატვირთული დღის წესრიგი აქვს.

თალაკვაძის თქმით, სესიაზე საერთაშორისო დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, ასევე იქნება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები.

„საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული სესიის საქმიანობაში და ახლაც, როგორც სხდომებზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დატვირთული გეგმა და დღის წესრიგი. რაც შეეხება თავად სესიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ იქნება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები, ასევე განიხილება მნიშვნელოვანი ანგარიშები, რომლებიც მსოფლიოში მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხება. ჩვენ ვმონაწილეობთ როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ასევე კომიტეტების შეხვედრებში და მონაწილეობას ვიღებთ სესიაში.

პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის ტრადიციისა და წესების თანახმად არის წარდგენილი, ბატონი ტინი კოქსი, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა წინა პერიოდში და, ასამბლეაში არსებული წესების თანახმად, კიდევ ერთხელ აქვს შესაძლებლობა, იყოს არჩეული ამ თანამდებობაზე. ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში უკვე გვქონდა კონსულტაციები და ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით ამ კანდიდატის მიმართ. მე შეგახსენებთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც აიღო ლიდერობა და ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში შეჭრის გამო დამდგარიყო საპარლამენტო ასამბლეაში, შეჩერებულიყო რუსეთის დელეგაციის სტატუსი და გარიცხულიყო ევროსაბჭოს წევრობიდან. მას ასევე აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება, გახლავთ სამართლიანი, ძალიან კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, ევროპელ კოლეგებთან ისაუბრებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევროპულ დღის წესრიგსა და რეფორმებზე, ასევე მიაწოდებენ განახლებულ ინფორმაციას ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ევროპაში ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლავთ, რომ კოლეგებს გავუზიაროთ რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს როლი, უსაფრთხოების გამოწვევები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ოკუპაციასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიწოდება და, რაც მთავარია, საქართველოს ევროპული დღის წესრიგი და რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებს ჰქონდეთ განახლებული ინფორმაცია მიღწევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, ასევე გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა, რომ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ასევე მივიღოთ მათგან რჩევები. დელეგაციის აქ ყოფნის მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამ სესიასაც გამოვიყენებთ ამ მიზნით, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეს აქვს დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები და ამ შეხვედრებზე საუბარი იქნება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც ეხება საქართველოსა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.