არჩილ თალაკვაძე - ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემაზე ოპონენტების კითხვები უკვე გაცვეთილია, ეს ის ხალხია, ვინც საზოგადოებრივი სივრცეები საკუთარი ინტერესების შესაბამისად გაასხვისა
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემაზე ოპონენტების კითხვები უკვე გაცვეთილია, ეს ის ხალხია, ვინც საზოგადოებრივი სივრცეები საკუთარი ინტერესების შესაბამისად გაასხვისა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქების საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი სივრცეები, რეკრეაციული, სპორტული სივრცეები, სადაც ბავშვებს უნდა ეთამაშათ, ხანდაზმულებს უნდა დაესვენათ, მიჰყიდეს კერძო პირებს, გაასხვისეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოისყიდა.
„ქალაქის მერმა, ბატონმა კახი კალაძემ დღეს წარადგინა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი. ეს არის უნიკალური საჩუქარი ჩვენი საზოგადოებისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მისი ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს დედაქალაქისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი იქნება. ცენტრალური პარკი მოიცავს ბევრ საინტერესო სივრცეს, ის ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება დასვენების და რეკრეაციის ადგილი და ასეთი თბილისს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია ზუსტად, რომელმაც საზოგადოებრივი სივრცეები, რეკრეაციული, სპორტული სივრცეები, სადაც ბავშვებს უნდა ეთამაშათ, სადაც ხანდაზმულებს უნდა დაესვენათ, მიჰყიდეს კერძო პირებს, გაასხვისეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოისყიდა, რაც არ არის პირველი მაგალითი და დაუბრუნა საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების, ჩვენი ოპონენტების და „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა ზუსტად ეს არის, რომ ისინი შეტევაზე გადადიან ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვით და სადაც ყველაზე მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია მოჰყვებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ ქველმოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მწვანე პროექტებს.
„ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ის არის, რომ პირადით ემსახურება საზოგადოებას და რაც მთავარია, მწვანე პროექტებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ ქველმოქმედებაში ძალიან მასშტაბური ადგილი უჭირავს. ბოტანიკური პარკები, წვერმაღალას პარკი, დენდროლოგიური პარკი და ახლა უკვე თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც მართლაც უნიკალური პროექტი იქნება.
ოპოზიციის ბრალდებაზე წინასაარჩევნოდ – ეს არის უკვე გაცვეთილი არგუმენტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მოგეხსენებათ, საქართველოში დემოკრატიული სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ პრაქტიკულად, ყოველწლიურად არის ქვეყანაში არჩევნები. მხოლოდ ჩვენ, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ გავაკეთეთ ისეთი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ყოველწლიურად არ იქნება საარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, ოპონენტები ყოველწლიურად მოდიან და გვეუბნებიან, რატომ კეთდება ქველმოქმედება, რატომ ფუნქციონირებს სახელმწიფო, რატომ შენდება შენობები, რატომ იზრდება სოციალური პროგრამების ეფექტიანობა. ეს არის გაცვეთილი არგუმენტი. ეს ტერიტორია და ეს ქონება, რომელიც 200 მილიონ ლარზე მეტი ღირს, ეკუთვნოდა ქველმოქმედს, კერძო პირს და მან ის გადასცა საზოგადოებას, სახელმწიფოს. ვფიქრობ, ეს იქნება და არის ყველა მოქალაქის საკუთრება და ყველა მოქალაქეს შეეძლება ამით ისარგებლოს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს“, – განაცხადა თალაკვაძემ.