არჩილ თალაკვაძე - წლის ბოლომდე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირს სრული საფუძველი ჰქონდეს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
წლის ბოლომდე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას სრული საფუძველი ჰქონდეს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციასა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას საერთო მიზანი აქვთ, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს პოზიციები დაზიანდეს.
„ევროკავშირის შუალედურ შეფასებაში ჩანს, რომ „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მეტი სამუშაო აქვს შესრულებული და განხორციელებულია ყველაზე მეტი რეკომენდაცია. ეს იმას გულისხმობს, რომ დანარჩენი რეკომენდაციების განხორციელებაში ხელშესახები პროგრესი გვაქვს და წლის ბოლომდე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას სრული საფუძველი ჰქონდეს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. რამდენიმე ორგანიზაცია უნისონშია რადიკალურ ოპოზიციასთან და მათი საერთო მიზანი ვიცით. მათ უნდათ, დააზიანონ საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციის კუთხით. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ როგორმე მოახდინონ ხელისუფლების ნდობის შესუსტება და რეპუტაციის დაზიანება. ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რადგან მომავლის ლიდერები არ არიან. არ იციან, საზოგადოებას რა შესთავაზონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.