არჩილ თალაკვაძე - ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას, რომელსაც გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, არის ჩვენი მწვავე ოპონენტიც
მიუღებელი იქნება ჩვენთვის საქართველოში ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება.
„ზურაბ აბაშიძეს ან სახელმწიფოს წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ ვგეგმავთ რაიმე ცენტრის გახსნას. ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება და რუსეთის ჯარისკაცები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება. მით უმეტეს, როდესც ჩვენ ვართ იმ პირობებში, როდესაც ვუპირისპირდებით რუსულ ძალას და პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ, გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, არის ჩვენი მწვავე ოპონენტიც. ამ პირობებში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.