არჩილ თალაკვაძე - ვხედავთ შესაძლებლობას, კონსტრუქციულად გაგრძელდეს პროპორციულ სისტემაზე მუშაობა და შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ
არჩილ თალაკვაძე - ვხედავთ შესაძლებლობას, კონსტრუქციულად გაგრძელდეს პროპორციულ სისტემაზე მუშაობა და შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ

განვიხილეთ პრაქტიკულად ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას აინტერესებდა პროპორციულ არჩევნებთან და საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითად შევაფასებდი სამუშაო შეხვედრას, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

„იყო ძალიან ფართო ჩართულობა, რაც ჩვენი მხრიდან წინადადების შეთავაზებას მოჰყვა და აშკარაა რომ, ოპოზიციის მხარდაჭერა და მაღალი ინტერესი აქვს პროპორციული არჩევნების სისტემას. ჩვენ განვიხილეთ პრაქტიკულად ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას აინტერესებდა როგორც პროპორციულ არჩევნებთან, ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე უკვე მაქსიმალურად შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს ფორმატი მოემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს ჰქონდეთ კონკრეტული ფორმატი და შესაძლებლობა, განიხილონ ყველა აქტუალური საკითხი, ასევე ოპოზიციას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები დააფიქსიროს.

„ამ კონსულტაციების მიმდინარეობა აჩვენებს, ერთი მხრივ, ჩვენი, როგორც ხელისუფლების მზადყოფნას პოლიტიკური დიალოგისთვის და ასევე, აჩვენებს იმასაც, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი რეალურად დაინტერესებული არის თანამშრომლობით, საქმიანი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფით. ეს, რა თქმა უნდა, უკვე გარკვეულწილად სიგნალს აძლევს იმ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფსაც, რომლებიც თავიდან ცდილობდნენ ამ შესაძლებლობის უგულებელყოფას, ასევე ცდილობდნენ, დესტრუქციული პასუხები გაეცათ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. საერთო ჯამში, ამ კონსულტაციებს დადებით შეფასებას ვაძლევ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გასვლითი შეხვედრა 8-10 ივლისს სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაიმართა.