არჩილ თალაკვაძე - ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტიის პროექტი მხოლოდ მისთვის იყო შემუშავებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ პროექტი მიიღება ისე, როგორც ეს მოცემულია ხელმოწერილ შეთანხმებაში.
თალაკვაძის განმარტებით, ამნისტია ემსახურება არა კონკრეტულ პირებს, არამედ იმას, რომ დაიხუროს უთანხმოების ფურცელი.
„არავითარი განსხვავებული ინტერპრეტაცია არ არსებობს. ვინც კითხულობს ტექსტს, ძალიან კარგად ესმის, რომ ამნისტია ემსახურება არა კონკრეტულ პიროვნებებს, არ არის ეს მოწოდებული მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის. ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ეს არის მოწოდებული იმისთვის, რომ დაიხუროს უთანხმოების ფურცელი, დავასრულოთ უთანხმოება თემაზე, რომელსაც ჰქვია 20 ივნისის მოვლენები. ამან ხელი არ შეუშალოს ჩვენს მომავალს და მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ ვინმეს მხრიდან მცდელობა, რომ ამნისტია საკუთარ საკითხად წარმოაჩინოს ან საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო შემუშავებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პასუხისმგებლიანად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციასთან ერთად შეჯერდნენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე, რომლითაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თალაკვაძის განცხადებით, კოდექსს მხარი დაუჭირეს მაღალი კონსენსუსით და იმედი აქვს, ფართო კონსენსუსი იქნება სხვა საკითხებთან მიმართებაშიც.
„გუშინ შედგა კენჭისყრა, სადაც ჩვენ საარჩევნო კოდექსს დავუჭირეთ მხარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, ფართო კონსენსუსი სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.