არჩილ თალაკვაძე - ვინც ოპოზიციის ხელოვნურ გაერთიანებას მხარს უჭერს, შევახსენებ, ეს წარსული პოლიტიკის აზროვნებაა
ვინც ოპოზიციის ხელოვნურ გაერთიანებას მხარს უჭერს, თუ ყოველდღე თავის თავს იტყუებს, რომ ასეთი დიდი გაერთიანება ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას, მე მათ შევახსენებ, რომ ეს უკვე არის წარსული პოლიტიკის აზროვნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის ილქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დასახელებას და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთო ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია.
მისი თქმით, „გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არის მორიგი პოლიტიკური ფეიკი.“
„როგორც ხედავთ, ვერ ხერხდება გაერთიანება, არა იმიტომ, რომ გაერთიანება თავისთავად შეუძლებელია, ვერ ხერხდება იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში არის განსხვავებული დემოკრატია, არის განსხვავებული პოლიტიკური თავისუფლება და განსხვავებულად დემოკრატიული პოლიტიკური საარჩევნო სისტემა, სწორედ ამიტომ საფუძველი არ აქვს ისეთ ტიპის გაერთიანებებს, რომელიც არ ეფუძნება იდეოლოგიურ ერთობას, რომელიც არ ეფუძნება საერთო პროგრამას. როგორ შეიძლება გაერთიანდნენ პარტიები, რომლებსაც აქვთ სრულიად განსხვავებული პლატფორმები, ისინი სრულიად სხვადასხვანაირად ხედავენ სახელმწიფოს განვითარებას.
ის გაერთიანებები, რომელიც წარსულში ხდებოდა, იყო იმ ანომალიის შედეგი, რომელიც ქვეყანაში გვქონდა, ადამიანები ერთიანდებოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ, ადამიანები ერთიანდებოდნენ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების წინააღმდეგ, საკუთრების დარღვევის წინააღმდეგ, დღეს ეს უფლებები ქვეყანაში არის დაცული და ჩვენ შევქმენით ისეთი დემოკრატია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ცალკე ან ბლოკში შეუძლია სცადოს არჩევნებში ბედი და მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ ის, ვინც ამ ხელოვნურ გაერთიანებას ისევ მხარს უჭერს, თუ ყოველდღე თავის თავს იტყუებს, რომ ასეთი დიდი გაერთიანება ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას, მე მათ შევახსენებ, რომ ეს უკვე არის წარსული პოლიტიკის აზროვნება. დღეს არის სხვა პოლიტიკა, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, ასე რომ ყველანაირი საშუალება აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, თავისი პროგრამები მიიტანონ საზოგადოებასთან, თავისი ლიდერები წარუდგინონ მოქალაქეებს და სცადონ ბედი არჩევნებში. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სხვა ტიპის განვითარებას ამ ქვეყანაში, მხოლოდ დემოკრატიული არჩევნებით, მხოლოდ მშვიდობიანი პროცესიც იქმნება ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა თალაკვაძემ.