არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი არის უკრაინულის ანალოგი, ხოლო უკრაინა ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, როგორც კი ეს დასკვნა იქნება, განვიხილავთ სერიოზულად
ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების რჩევებს. ჩვენი პოზიციაა, რომ ვინაიდან უკრაინული მოდელის საფუძველზე იყო ჩვენი კანონპროექტი შემუშავებული და უკრაინას გაგზავნილი აქვს კანონი ვენეციის კომისიაში, როგორც კი დასკვნა იქნება, ჩვენ ამ დასკვნას პარლამენტში სერიოზულად განვიხილავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი პრობლემა კანონპროექტის გადაგზავნასთან დაკავშირებით არ არის.
„ჩვენ ავხსენით, თუ რა ვადებშია შესასრულებელი ეს ვალდებულებები და ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ დროულად შეასრულოს რეკომენდაციები და პირობები. ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას საშუალებას, შემდეგ სპეკულაციები გამართოს, რომ რაღაცები დროზე არ გაკეთდა და რაღაცებს ხელისუფლება თვეების განმავლობაში ელოდა. ამიტომ, ვინაიდან ეს პროექტი არის უკრაინულის ანალოგი, ხოლო უკრაინა ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, როგორც კი ეს დასკვნა იქნება, ჩვენ ამ დასკვნას განვიხილავთ სერიოზულად“, – განაცხადა თალაკვაძემ.