არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, შეთანხმებას ბევრად უფრო დაეხმარება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ მოლაპარაკების სფეროდან
პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას. ეს არის საკითხის პოლიტიზების მცდელობა იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნებს, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, ერთი ხელით, როდესაც გვთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაანთავისუფლოს. ეს ალბათ გესმით, რომ წინააღმდგებოში მოდის ერთმანეთთან. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან. ეს იქნებოდა უფრო სწორი სამართლებრივად და უფრო ლოგიკური კონსტიტუციურად“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობს რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ცდილობენ, დიალოგს ხელი შეეშალოს.
„თუმცა, ოპოზიციას აქვს თავისი მიდგომა ბუნებრივია და იქ არის რამდენიმე ლიდერი, რომელიც კონკრეტულად ისეთი თემების შეტანას ცდილობს ამ დიალოგში, რომ ხელი შეუშალოს მოლაპარაკებას. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხვიჩიას, ელისაშვილის განცხადებები, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ მაგიდასთან იყვნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც დავალებას აძლევდნენ სხვებს, რომ ჩაეშალათ დიალოგი და ასევე ადამიანები, ვინც ამბობდნენ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და მერე არ შევასრულოთ ეს პირობები. რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს გასულ წელს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განსხვავებები და დაპირისპირების საკითხები, რაზეც ახლა კონცენტრაცია იქნება ნაკლებპროდუქტიული. უმჯობესია, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ იმ საკითხებზე, სადაც შეთანხმება შესაძლებელია და რომელიც არა მხოლოდ პარტიების, არამედ საზოგადოების და ჩვენი წვეყნის ინტერესებში შედის“, – განაცხადა თალაკვაძემ.