არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, კახა კუჭავა საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას და პოზიტიურ როლს შეასრულებს შემდგომ საქმიანობაში
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კახა კუჭავას წარმატებებს უსურვებს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, კუჭავა არის პროგრესული ადამიანი, აქვს კარგი განათლება და ძალიან მოტივირებულია.
თალაკვაძე ფიქრობს, რომ კუჭავა პარლამენტის მუშაობას საუკეთესოდ გაუძღვება.
„ჩვენს მეგობარს და კოლეგას, კახა კუჭავას წარმატებებს ვუსურვებ, ის არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, ძალიან მოტივირებულია. ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში. კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე ის არის კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი, საერთაშორისო მიმართულებით იყო აქტიურად ჩართული. დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და საზოგადოება დარწმუნდება ამაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებას აქვს კონკრეტული ვადები.
„ხედავთ, რომ უკვე პროცესი დაიწყო. დღეს ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მან წინასწარ დააანონსა. დღესვე, მაღალი ალბათობით, დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც რეფორმებს ეხება, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად იქნება მიღებული. ამისათვის საჭიროა, ოპოზიცია სრულფასოვნად ჩაერთოს პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.