არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, ემიგრანტები ძალიან გაბრაზდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ მათ შეგროვებულ ფულს სააკაშვილის გარემოცვა ხარჯავს მათივე ქვეყნისა და საზოგადოების შეურაცხყოფისთვის
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომდევნო თვეებში ახალი კონტრაქტები გახდება საჯარო და საზოგადოება კიდევ დაინახავს, რა კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს სააკაშვილის სამეგობრო, ოჯახი და გარემოცვა, არა მის მკურნალობაზე, არა სამედიცინო პროფესიონალების ჩამოყვანაზე და მკურნალობაში ჩართვაზე, არამედ შავ პიარსა და კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში უკვე არაერთ დეპუტატს შეატყობინეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა და მისი ოჯახი ემიგრანტებზე ახდენს ზეწოლას და მოუწოდებს, გადარიცხონ რამდენიმე ასეული დოლარი სააკაშვილის ადვოკატების ფონდში.
„ახლა ირკვევა, რომ უკვე მილიონი დოლარი – და ეს არის ერთ-ერთი კონტრაქტი – მილიონი დოლარი არის გადახდილი არა ექიმებში, არა ფსიქიატრებში, ფსიქოლოგებში თუ სხვა პროფილის ექიმების მოწვევაში, არამედ შავ პიარში და იმაში, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დაზიანება. ვფიქრობ, ემიგრანტები იქნებიან ძალიან გაბრაზებულები, როდესაც გაიგებენ, რომ მათ მიერ შეგროვებული ფული რეალურად იხარჯება მათივე ქვეყნისა და მათივე საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორმე აიძულონ, გვერდით გადადოს კონსტიტუცია, კანონი და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც პატიმრობაში მყოფი ათი ათასი სხვა პირისთვის არის შეუძლებელი და მიუღწეველი. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რამდენი მილიონი დოლარიც არ უნდა დახარჯოს შავ პიარში სააკაშვილის გარემოცვამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ლობისტურ კომპანია „აკერმანთან“ დადებული კონტრაქტი არის ერთ-ერთი და არ არის გამორიცხული, მომავალში ახალი კონტრაქტები გასაჯაროვდეს.
„აქვე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი კონტრაქტი. გავიდა ექვსი თვე, ექვსი თვის თავზე თუ ლობისტური კომპანია დეკლარაციას არ წარადგენს, აშშ-ში მას უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში უფრო ახალი კონტრაქტები გახდება საჯარო და საზოგადოება კიდევ დაინახავს, თუ რა კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს სააკაშვილის სამეგობრო, მისი ოჯახი და გარემოცვა, და რაზე? არა მის მკურნალობაზე, არა სამედიცინო პროფესიონალების ჩამოყვანაზე და მკურნალობაში ჩართვაზე, არამედ შავ პიარში და იმ კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. აქვე გეტყვით, რომ ეს კამპანია ასევე არის დამაზიანებელი ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რადგან ხელს უშლიან ექიმებს, ხელს უშლიან სამედიცინო სამსახურს, რომ მათ სრულფასოვნად მიაღწიონ მიზნებს, რომლებიც დასახული აქვთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.