არჩილ თალაკვაძე - ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს მომავალში
არჩილ თალაკვაძე - ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს მომავალში

ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

„ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის და მისი ერთი ან ორი ლიდერის მხრიდან დანარჩენ ოპოზიციაზე მათი ხედვისა და დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, საზოგადოების დაკვეთაა, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით გადაწყდეს, თუ ვინ აიღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, იქნება ეს ერთი გამარჯვებული პარტია ოპოზიციასთან ერთად, თუ იქნება პარტია, რომელიც საკმარის ხმებს მიიღებს ამისთვის. შესაბამისად, ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის მომავლის საქმე და ესაა არჩევნების გადასაწყვეტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას გუშინ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ კი დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის მისამართით თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას „ძალა ერთობაშიას“ მიმართა, ჩარკვიანის განცხადებაზე თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ჩარკვიანის პარტია  „ძალა ერთობაშიას“ წევრია. „ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, რომ თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ.