არჩილ თალაკვაძე - ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ მოლაპარაკებებში ეს საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც წყდება, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ – არა. ეს მართლმსაჯულების საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც კითხვებს ობიექტური პასუხები უნდა გაეცეს.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი, ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.