არჩილ თალაკვაძე - ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ აიძულებს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომ გადადგეს, ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა
სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა უაპელაციოდ, ქალბატონ ჟვანიას დააბრალეს არჩევნების გაყალბება და შემდეგ უარი თქვეს საკუთარი ბრალდების შეფასებებზეც კი, ამიტომ, ამაზე მეტად როგორ უნდა დაიძაბოს ვითარება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა.
თალაკვაძის თქმით, თამარ ჟვანიამ დღეს გააკეთა ის განცხადება, რომელიც კანონთან არის შესაბამისი.
„მან თქვა, რომ სწორედ მისი კომპეტენციაა, მიიღოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ აიძულებს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომ გადადგეს. ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა და მისი პოზიცია არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. უპირველესად მთავარია, რომ ჩვენ გავაკეთოთ კოდექსის რეფორმის შემდეგი ეტაპი ისე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაქსიმალური ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და აქ პიროვნებებზე, ნებისმიერ ცალკეულ ადამიანზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო სისტემის მუშაობა. სწორედ ასეთ სისტემას უჭერს მხარს ქალბატონი თამარ ჟვანია და სწორედ ასეთი რეფორმის გაკეთება არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.