არჩილ თალაკვაძე - ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს
ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ხელისუფლება იცავს საქართველოს სიმართლეს. რაც არ უნდა თქვან, როდესაც ეს ნათქვამი იქნება სიმართლისგან შორს, უსაფუძვლო, იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით გაკეთებული ასეთი ძალიან უხეში ფორმებით, როგორც თუნდაც, რეზოლუციაში არის მოწოდება, ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს. ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს. ევროკავშირი იწყება შენი ქვეყნის კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და, შესაბამისად, არავის აქვს უფლება, არცერთ ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომ ჩვენი კონსტიტუცია გვერდით გადადოს და გვითხრას, რომ საქართველომ კუბილიუსის წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ეს არასწორია. ამ ადამიანებმა უღალატეს ევროპას. ვგულისხმობ, კონკრეტულად იმ ჯგუფს, რომელმაც ეს რეზოლუცია შეიმუშავა და ვინც ევროპარლამენტის შიგნით კოორდინაცია გააკეთა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეთანხმდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი ერთად, რადგან რეზოლუციას მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ყველა ერთად შეთანხმდა, რადგან სააკაშვილთან მიმართებით არის ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესი, ეს უკავშირდება არა მხოლოდ მის პატიმრობას, არამედ ამბები იწყება გაცილებით ადრე, როდესაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს.
„საკუთარი ოჯახის წევრებმა თქვეს პირდაპირ, რომ ის ჩამოიყვანეს და თვითონ არ ჩამოსულა. ცალკეული ევროპარლამენტარები საჯაროდ ერთს ამბობენ და, რეალურად, მეორეს აკეთებენ. ბატონი კუბილიუსი თბილისში, ჩემთან შეხვედრაზე სულ სხვა რამეს ლაპარაკობდა, როდესაც ვუხსნიდი და ბევრ რამეზე პასუხები არც კი ჰქონდა, მაგრამ საჯაროდ სულ სხვა რამეს ლაპარაკობს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ამ მსოფლიოში თუ ვინმემ ჩამოიყვანა და მერე ეთერში თქვა, მე ვურჩევდი, არ ჩამოსულიყოო. მე არ ვიცი, კონკრეტულად რომელმა პიროვნებებმა ჩამოიყვანეს, მაგრამ ვიმეორებ მისი ოჯახის განცხადებას, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს. ანუ, ერთი მოცემულობაა, რომ ჩამოიყვანეს. მეორე მოცემულობა გვაქვს, რომ არის კოორდინაცია და იკვეთება პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მართლმსაჯულებიდან მის გამოხსნას ცდილობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, რეზოლუციაში წერია სამკურნალოდ გადაყვანა, მაგრამ სინამდვილეში, ამის უკან გათავისუფლებაა.
„თქვენ მართლა ხომ არ გჯერათ, რეზოლუციაში რომ წერია სამკურნალოდ გადაყვანა? სინამდვილეში, ამის უკან წერია გათავისუფლება. სინამდვილეში, ისინი ზეწოლას ახდენენ ჩვენს სახელმწიფოზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ. რატომ უნდათ მისი გათავისუფლება? როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ჯგუფს აქვს მასთან ვალდებულებები და ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოიხსნან, როგორც თვითონ ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ის, რომ როგორმე ხელიდან დაუძვრნენ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის საკითხი არის ლაკმუსის ტესტი, ლაკმუსის ტესტი კი მეცნიერებმა მე-14 საუკუნეში გამოიგონეს და, შესაბამისად, ის მაშინაც არსებობდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს აწამებდა თუ კლავდა, მაგრამ მაშინ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის არცერთი ასეთი კრიტიკული და ხისტი რეზოლუცია არ ყოფილა.
„წელიწადში 150 ადამიანი იღუპებოდა იმის გამო, რომ ექიმი არ ჰყავდა, წამალი არ ჰქონდა და იმის გამო, რომ კლინიკაში არ გადაჰყავდათ. სამასი დღე ცოცხალი პატიმრის გადაყვანა კი არა, გარდაცვლილი პატიმრები რომ ოჯახებისთვის მიეცათ, ამაზეც კვირაობით ალოდინებდნენ და მაშინ რატომ არ იყო განცხადებები? უკაცრავად, მაგრამ ლაკმუსის ტესტი მაშინ არ არსებობდა? კი, მაშინაც არსებობდა. შესაბამისად, ეს რეზოლუცია რომ სუფთა პოლიტიკურია, ის რომ პირდაპირ საქართველოზე ზეწოლას ემსახურება და არა სიმართლის დადგენას და სიმართლისთვის ბრძოლას, ეს ცხადზე უცხადესია. არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს, საქართველოზე კონტროლი მოიპოვოს და როგორმე საქართველოში დააბრუნოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია, სააკაშვილი და მისი გუნდი კი არის ყველაფერზე ხელის მომწერი, რაც საქმით დაამტკიცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.