არჩილ თალაკვაძე - ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს საზოგადოების ხელშია, ვისაც სჯერა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების
ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს საზოგადოების ხელშია, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.
თალაკვაძის განცხადებით, 31 ოქტომბერს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული განვითარებისკენ.
„ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ადამიანის ღირსება, უფლებები და საკუთრება დაცულია. ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მდიდარი და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია, ავაშენეთ სამჯერ მეტი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ათასობით სამუშაო ადგილი მოიტანა. რაც მთავარია, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან და ნატო-სთან. დღეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დემოკრატიული არჩევნებით, რომელიც ჩვენ მიერ მიღებული, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუციით არის გარანტირებული, გადავდგათ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. უფრო ძლიერი დემოკრატია ნიშნავს უფრო ძლიერ ეკონომიკას, მეტ ინვესტიციას, მეტ ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. აქ არის ჩვენი დიდებული ისტორია, მაგრამ ჩვენ წინაშე არის მომავალიც. ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის ჩვენს ხელში, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. სწორედ ასეთი ადამიანები ბრძანდებით თქვენ, ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან პარლამენტში სამეგრელოს წარმომადგენელ დეპუტატებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
„მსურს მხარი დავუჭირო ირაკლი ჩიქოვანს, ახალგაზრდა, პროგრესულ, განათლებულ ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია, ემსახუროს თავის ქვეყანას. ის არის თქვენი კუთხის და თქვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. ვფიქრობ, ის იმსახურებს შესაძლებლობას და შანსს, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და საკანონმდებლო ორგანოდან ემსახუროს თავის ქვეყანას“,-მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძე შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად იქამდე იდგება, ვიდრე კორონავირუსი არ დამარცხდება.