არჩილ თალაკვაძე - ვერ შევთანხმდებით „ევროპული საქართველოს“ დასკვნაზე, რადგან კონკრეტული რეკომენდაციები პოლიტიკური და ტენდენციურია
არჩილ თალაკვაძე - ვერ შევთანხმდებით „ევროპული საქართველოს“ დასკვნაზე, რადგან კონკრეტული რეკომენდაციები პოლიტიკური და ტენდენციურია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული რეკომენდაციები ტენდენციურია და პოლიტიკურ სახეს ატარებს, – ამის შესახებ კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომისიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული საქმის გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას სატელეფონო ამონაწერი წარადგინა. მისი განცხადებით, ამონაწერში კარგად ჩანს, რა ინტენსივობით უკავშირდებოდა გამომძიებელი საქმის ფიგურანტებსა და მათ ოჯახებს.

„ირაკლი ფიფიას ედავებოდით ჯერ კიდევ კომისიაზე, რომ ის უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მ.კ.-ს ოჯახის წევრებს და ამის საფუძველზე, თითქოს დასაბუთებული ეჭვი გქონდათ, რომ ის გარკვეულ წინასწარ შეთანხმებას ახდენდა მ.კ.-ს ოჯახთან იმ მიზნით, რომ გამოძიების მიმდინარეობაზე ზემოქმედება მოეხდინა. მინისტრი დაგპირდათ და კომისიაში შემოსულია  ფიციალური განცხადება, სადაც ფიფიას სატელეფონო ამონაწერებში ჩანს, რომ მას უფრო მეტი თუ არა, არა ნაკლები სატელეფონო კონტაქტები ჰქონდა ამ საქმეში ფიგურანტ სხვა ოჯახებთან და მათ მშობლებთანაც. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მეექვსე რეკომენდაციაში ჩაწერეთ ირაკლი ფიფიას გვარი და მის წინააღმდეგ ითხოვთ გამოძიების დაწყებას. აღარ გავყვები დანარჩენ მაგალითებს. დასახელებული ორი მაგალითი აჩვენებს, თუ როგორი ტენდენციური არის მეექვსე რეკომენდაცია, ეს არის ტენდენციური რეკომენდაცია. ვფიქრობ, მეექვსე რეკომენდაცია არის ერთ-ერთი ის რეკომენდაცია, რომელზეც თუ არ შევთანხმდით, რომ აქ ახალ უსამართლობას ხომ არ ვაკეთებთ, ძველი უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედების დევიზით, ვერ შევთანხმდებით ამ დასკვნაზე, რდგან რეკომენდაცია პირდაპირ პოლიტიკურ სახეს ატარებს. პრაქტიკულად, ეს არის ერთი ხელის მოსმით მთელი საგამოძიებო ორგანოების, ხელმძღვანელი პირების და ძირითადი წარმმართველი პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, რეკომენდაციებში დაუსაბუთებლადაა კონკრეტული პირების გვარები შეტანილი, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც თალაკვაძის შეფასებით, ხელი შეუწყვეს გამოძიებას.

„ეს რეკომენდაცია პირდაპირ არის პოლიტიკური რეკომენდაცია და პოლიტიკური მითითების მიცემა თქვენი მხრიდან საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ამიტომ ეს არის რეკომენდაცია, რომელზეც შეთანხმებას თუ ვერ შევძლებთ ამ სახით, ჩვენი აზრით, ვერ აისახება იმ დასკვნაში, რომელსაც პლენარული სხდომა უყრის კენჭს, რადგან ცალსახად პოლიტიკური და ტენდენციური რეკომენდაციაა“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.