არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა უახლოეს დღეებში გვექნება, რაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე სუბიექტურ კითხვებს მოხსნის
ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ყოველგვარ სუბიექტურ კითხვებს მოხსნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პროექტის მხოლოდ განხილვა იწყება და მასში აუცილებლად გაითვალისწინებენ კომისიის რეკომენდაციებს.
„ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. ჩვენი ინიციატივა იყო, ვენეციის კომისიის დასკვნა და შეფასებები ყოფილიყო ჩვენს პროექტზე, რადგან ვენეციის კომისია არის ყველაზე ავტორიტეტული და მიუკერძოებელი შემფასებელი. დასკვნა, რომელიც უახლოეს დღეებში გვექნება ვენეციის კომისიის მხრიდან, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვებს პროექტზე. რაც შეეხება დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას, დღეს მხოლოდ განხილვა იწყება და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, თუ ასეთი იქნება დასკვნაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი განმარტებით, კანონპროექტი არსებითად ითვალისწინებს ყველა მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა.
„მონაწილეობა იქნება გახსნილი და მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შედგენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მოხდება. მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება იქნება და თითოეულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. კანონპროექტი საზოგადოების ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.