არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისია პირდაპირ წერს, რომ მიესალმებიან პროცესს, თუ როგორი მაღალი სტანდარტით განიხილავს პარლამენტი მოსამართლეების კანდიდატურებს
ვენეციის კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, ხოლო რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს იქნება განხილული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენი მხრიდან კონტრასტულ და მკვეთრად უარყოფით პოზიციებს ელოდა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან იყო მაქსიმალურად კონსტრუქციული პოზიცია და როგორც საზოგადოებას შევპირდით, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ პასუხისმგებლობითა და ყურადღებით განვიხილოთ ყველა რეკომენდაცია და ისინი მაქსიმალურად ავსახოთ კანონპროექტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნის გარშემო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების განხილვა ხვალ დასრულდება და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს თავისი პოზიცია ექნება.
„ხვალ, როდესაც განვაახლებთ სხდომას და განხილვას, განხილული იქნება ზუსტად ეს რედაქცია, სადაც ყველა დეპუტატი ნახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის პირდაპირ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასებები იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც პროცესის საპარლამენტო ნაწილს უკავშირდება.
„ვენეციის კომისია პირდაპირ წერს, რომ მიესალმებიან იმ პროცესს, როგორც ეს კანონპროექტშია მოცემული, თუ როგორი მაღალი სტანდარტით განიხილავს საქართველოს პარლამენტი კანდიდატურებს. ოპოზიცია ჩუმად არის ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს დიდწილად, მედიასაც არ გაუშუქებია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, კანონში გაკეთდა ისეთი ჩანაწერი, როგორიც არის მაგალითად, აშშ-ის კონგრესის სტანდარტი, როდესაც თითოეული კანდიდატი კონგრესში პირდაპირ ინტერვიუს გადის ღია კომიტეტზე, სადაც მას კითხვებს უსვამენ და კონგრესი ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ეუთო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები მეტწილად ემთხვევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ვინაიდან უკვე დაწყებულია მუშაობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, ეს საკითხი მეტწილად, ამოწურული იქნება.