არჩილ თალაკვაძე - ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ზეწოლა და ძალადობა არ შედის საქართველოსა და დემოკრატიის ინტერესებში
ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ზეწოლა და ძალადობა არ შედის დღეს საქართველოსა და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა არასოდეს ყოფილა ძალადობა, რაშიც დღეს ოპონენტები ადანაშაულებენ.
„ოპოზიციაზე და განსაკუთრებით ძველ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემაზე, ვფიქრობ, ყველაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი წარსული, მათი ბიოგრაფია. მათ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ და როგორც ჩანს, ამისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან თან ბოდიშებს იხდიან და თან ამბობენ, რომ ეს ბოდიში არ არის სამართლებრივი. მოქალაქეებს თან ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს და ეს იყო შეცდომა, მაგრამ ამავე დროს იმასაც ეუბნებიან, რომ კიდევ გავაკეთებთ ამ ყველაფერსო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ვინც შეეცდება, ძალადობრივი ინციდენტებითა და კანონდარღვევით ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს, კანონიერ რეაგირებას მიიღებს.
„ვფიქრობ, ისინი ალბათ უნდა ჩამოყალიბდნენ, რას ეუბნებიან თავის მოქალაქეებს, რას ეუბნებიან საზოგადოებას და შემდეგ უკვე საზოგადოება გადაწყვეტს თავისუფალ არჩევნებში, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არანაირი ზეწოლა, არანაირი ძალადობა არ შედის დღეს საქართველოს და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში. ჩვენ ჩავატარეთ ეს რეფორმები იმიტომ, რომ გვქონოდა თავისუფალი არჩევნები. ვინც შეეცდება ძალადობრივი ინციდენტებითა და კანონდარღვევით რაიმე ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს, რა თქმა უნდა, კანონიერ რეაგირებას მიიღებს. მოვუწოდებ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, არანაირად არ ჩაერთონ პროვოკაციებში, არ უპასუხონ ძალადობის აქტებს ძალადობით. „ქართული ოცნების“ ხელწერა არასოდეს ყოფილა ის, რაშიც დღეს ჩვენი ოპონენტები გვადანაშაულებენ, იმაში, რითიც მათი პოლიტიკური ბიოგრაფია გამოირჩევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.