არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, რომ მამუკა ბახტაძე აშშ-სთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი სტრატეგიულია, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგი, სადაც უსაფრთხოების, თავდაცვის საკითხები, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილება.
„ეს სტრატეგიული ვიზიტია აშშ-ში. პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული საკითხები. ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგი, სადაც განიხილება რეფორმები, დღის წესრიგი, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-სთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აქვს და არის მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა. ველოდებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ურთიერთობას და თანამშრომლობას. მას აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრით დაიწყო.