არჩილ თალაკვაძე - ველოდები, რომ ჩვენი პარტნიორები კონგრესსა და ევროპარლამენტში დიალოგის შედეგებზე დაყრდნობით გააკეთებენ საბოლოო შეფასებებს
საბოლოო ჯამში, როცა დიალოგი დასრულდება და შედეგები იქნება ცნობილი, ველოდები, რომ ჩვენი პარტნიორები კონგრესსა და ევროპარლამენტში, ამაზე დაყრდნობით გააკეთებენ საბოლოო შეფასებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიო პოზიცია, 2020 წელს არჩევნები ჩაატაროს ისეთი სისტემით, რომელიც იქნება 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისკენ ლოგიკური და სამართლიანი ნაბიჯი.
„ევროპარლამენტიდან და ამერიკის კონგრესიდან პოლიტიკოსების შეფასებები, მათი წერილები და მათი მოსაზრებები, ჩვენი მეგობრების მოსაზრებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში შეიძლება ამ წერილის ხელმომწერები არიან პირდაპირი პარტნიორები და დიდი ხნის თანამშრომლობა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც სახელისუფლო პარტიას, დღეს გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიო პოზიცია, 2020 წელს არჩევნები ჩაატაროს ისეთი სისტემით, რომელიც იქნება 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისკენ ლოგიკური და სამართლიანი ნაბიჯი.
საბოლოო ჯამში, როცა დიალოგი დასრულდება და შედეგები იქნება ცნობილი, ველი, რომ ჩვენი პარტნიორები კონგრესსა და ევროპარლამენტში, ამაზე დაყრდნობით გააკეთებენ საბოლოო შეფასებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ეს წერილები და ყურადღება ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა და მის მიმართ არსებობს ოპტიმიზმი და მაღალი ინტერესი. ჩვენ ყველა ერთად, ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ისეთი სისტემა შევთავაზოთ, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წლის პროპორციულ არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.