არჩილ თალაკვაძე - ვეცდებით, შევიმუშაოთ არჩევნების ისეთი წესი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას
არჩილ თალაკვაძე - ვეცდებით, შევიმუშაოთ არჩევნების ისეთი წესი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება.

„მომდევნო კვირა არის სასესიო კვირა და ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული კვირა, შემდგომში უკვე ჩვენ მოგვიწევს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობა ივლისში. როგორც მოგეხსენებათ, წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და სხვა არაერთი პრიორიტეტული საკითხი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აჭარის ტელევიზიას, რომლებმაც საჯარო განხილვებს უმასპინძლეს.

„მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დისტანციურად, ტელეეთერების საშუალებით ჩატარდა და ამისთვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ამ ორ ტელევიზიას. რომ არა მათი მხარდაჭერა, მათ მიერ შემოთავაზებული პლატფორმები, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, საჯარო განხილვების კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა 18 ივნისს იწურება.

„შესაბამისად, 19 ივნისიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია საკომიტეტო განხილვებზე გადავიდეთ და ასევე, ჩვატაროთ კენჭისყრები, რაც მაღალი ალბათობით, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენი პირობა, რასაკვირველია, შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსს და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა მისცა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ის რეკომენდაციები, რაზეც შეთანხმება მიღწეულია სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ასევე იქნება ასახული ამ ცვლილებებში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლება, მაქსიმალურად ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება, ჩაატაროს თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით.

ამისთვის, რასაკვირველია, ერთი მხრივ ჩვენი თანამოქალაქეების მონაწილეობა, მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვართ ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ყავდეს ამ არჩევნებს. ბუნებრივია, არსებობს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ეფექტიან მართვას.

ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო რეკომენდაციები არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ შევიმუშაოთ საპარლამენტო არჩევნების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას.

ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომოსია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები, ასევე, ჩვენ მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემებზეც კონსულტაცია და რჩევები, თუმცა საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.