არჩილ თალაკვაძე -  ვასრულებთ პირობას, რომ  კულტურის სფეროში მმართველობის როლი უფრო ძლიერად გამოიკვეთებოდა და ამისთვის შეიქმნებოდა სამინისტრო
არჩილ თალაკვაძე - ვასრულებთ პირობას, რომ კულტურის სფეროში მმართველობის როლი უფრო ძლიერად გამოიკვეთებოდა და ამისთვის შეიქმნებოდა სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართულებით.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას ისახავს მიზნად.

„კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ აღნიშნული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას. შედეგად, ერთი მხრივ, ყალიბდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მეორე მხრივ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. როგორც ეს პირობა იყო მიცემული ჯერ კიდევ გასულ წელს, რომ კულტურის სფეროში მმართველობის როლი გამოიკვეთებოდა უფრო ძლიერად და ამისთვის შეიქმნებოდა სამინისტრო.

რა თქმა აუნდა, ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ და ეს მოცემულია კანონის პროექტში. ამაზე სათანადო, ამომწურავი განხილვები იქნება პარლამენტში და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე პარლამენტი კენჭისყრით მიიღებს გადაწყვეტილებას.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხს განიხილვისას წამყვანი კომიტეტი იქნება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი. სავალდებულო დასკვნას მოამზადებს სპორტის კომიტეტი. საკითხს ასევე განიხილავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც დასკვნას ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილზე მოამზადებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.