არჩილ თალაკვაძე - ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა იყო, რასაც ცალსახად ვგმობ, გავარკვევ, რატომ მოხდა, რომ ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება ვერ იქნა დაცული
არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქ არ იყო, იქ იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე, რასაც ცალსახად ვგმობ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ კომენტარი თალაკვაძემ ზუგდიდში გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც კი დაბრუნდება თბილისში, გაარკვევს, რატომ არ იყო უზრუნველყოფილი ზარდიაშვილის უსაფრთხოება.
„როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავარკვევ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება და რატომ მოხდა ის, რომ ვანო ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება ვერ იქნა დაცული. მომხდარი ლახავს პარლამენტის იმიჯს და ღირსებას, რაც საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის, რომელიც უყურებს ამ პროცესებს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.