არჩილ თალაკვაძე - ვალერი გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, გაუგებარია, რაზე დავობს მიხეილ სააკაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე უკვე პრეცედენტული გადაწყვეტილებები მიიღო და უმძიმეს დანაშაულებში ამხილა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრები დასაშვებობაზე ჯერ პირველად კომუნიკაციას გადის და როცა დაშვებული ხდება, შემდეგ გადადის არსებით განხილვაში.
„ყველამ იცის, რომ ვალერი გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილებები მიიღო, სადაც თქვა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლების მთელი ვერტიკალი ჩართული იყვნენ, გირგვლიანის მიმართ ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებში, ეს იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება. გაუგებარია, რაზე დაობს მიხეილ სააკაშვილი, ანუ, ევროსასამართლოს რას უმტკიცებს? – მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დევნა? არ ვიცი, ამას რამდენად აქვს პერსპექტივა.
წინასწარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროსასამართლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე უკვე პრეცედენტული გადაწყვეტილებები მიიღო და უმძიმეს დანაშაულებში ამხილა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, ოპოზიციური ტელევიზიები შეეცდებიან, ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს, მამუკა მდინარაძე აკონტროლებს ყველა საერთაშორისო სასამართლოს და მან წინასწარ იცის, რა მოხდება, თუმცა თქვენც კარგად იცით, რომ მისი განცხადება ეხებოდა იმ პოლიტიკურ კონექტიურას, რომელშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომავალში დასაშვებადაც რომ იყოს ეს სარჩელი ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ამასაც გამარჯვებად გაიფორმებსო. იმის მტკიცება უსაფუძვლოა, რომ მამუკა მდინარაძემ წინასწარ იცოდა, ევროსასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.