არჩილ თალაკვაძე - ვალების დაფინანსების რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ შეზღუდულია და ქვეყანას უნდა გავუწიოთ ანგარიში
ვალების დაფინანსების რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ შეზღუდულია და ქვეყანას უნდა გავუწიოთ ანგარიში, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქობულეთში სასტუმროების მეპატრონეების საპასუხოდ, რომლებმაც აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ვალების რესტრუქტურიზაცია ან პროცენტების სუბსიდირება მოითხოვეს.
„თქვენ იცით, რომ სესხებთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მასშტაბური გადაწყვეტილებები მიღებული, როდესაც ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე გავათავისუფლეთ შავი სიიდან და ის ვალები, რომელიც ადამიანებს უკეტავდა გზას ეკონომიკაში მონაწილეობისთვის, უკეტავდა გზას სამსახურებში, უკეტავდა გზას, რომ თავის ანგარიშებზე ელემენტარული მცირე ხელფასები მაინც მიეღოთ. თქვენ გახსოვთ, რომ ამაზე ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მასშტაბური ცვლილებები გაატარა.
მომავალში, ბუნებრივია, სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებისთვის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, საპენსიო მიმართულებით და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ჩვენ კიდევ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქე აქედან კონკრეტულ სარგებელს მიიღებს.
ვისაც აქვთ დავალიანებები ბანკებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები, მაგრამ აქაც უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვალების დაფინანსების რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის საკმაოდ შეზღუდული და ამ მიმართულებითაც ჩვენს საზოგადოებას და იმ საჭიროებებსაც, რომელიც აქვს ქვეყანას, უნდა გავუწიოთ ანგარიში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.