არჩილ თალაკვაძე - ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება, შეხვედრაზე ვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს ეხება
ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს.
„ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა, არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ერთად შეგვესწავლა, თუნდაც მათი ხელმძღვანელობით გამოგვეძიებინა ფაქტები, რაზეც ისინი აპელირებდნენ და ბრალდება, რომელსაც ისინი ასახელებდნენ. ამაზე უარი თქვეს, ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გადასული ვართ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალ რეფორმებს. ძირითადი ძალისხმევა, ძირითადი დრო ჩვენ დავხარჯეთ სწორედ ამ საკითხების და ამ რეფორმების განხილვაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.