არჩილ თალაკვაძე - ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს
ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა.
„ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება, აქ არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია კონსტიტუციის, კანონმდებლობის ფარგლებში, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან და პარტნიორთან – აზერბაიჯანთან. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომელიც ბოლო პერიოდში იყო მოწოდებული, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ამ მომენტში ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობისა, როდესაც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტული არ იყო.
„ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე არ დარეგულირდება მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან. ამის შესაძლებლობა, იმედი მაქვს, იქნება ახალი გარემოებებით. შემდგომ მოლაპარაკებებზე ამ გარემოებებს დავაყენებთ კომისიის სხდომებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, კითხვაზე, მიაწოდა თუ არა დავით ხიდაშელმა გამოძიებას სწორი ინფორმაცია, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
„გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. მე ვარ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა – არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა გამოძიების წინაშე.