არჩილ თალაკვაძე - უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ საუბარი არ არის სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ჯანმრთელობის ზრუნვაზე, არამედ ყველა ცდილობს საკითხის პოლიტიზებას
ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ევროპის საბჭოს მკაფიო პასუხია, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა.
„კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ობიექტური შეფასება. ეს განცხადება და შეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა, იყო პრინციპული და სამართლიანი, თუნდაც ეს იყოს არაპოპულარული. გახსოვთ, რა თავდასხმები იყო ხელისუფლებაზე, ჩვენზე სწორედ იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის გარემოცვას ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკურ სკანდალად გარდაქმნა სურდა. დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ აქ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას. მათ ნახეს ექიმების განცხადებები, რომელთაც პირდაპირ თქვეს, რომ ხელი გვეშლება მკურნალობის პროცესში, ნახეს ასევე ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. ისიც ნახეს, რომ ეს ადამიანი საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული თვეების განმავლობაში, ჩახედეს კონსტიტუციას, ჩახედეს კანონს და, საბოლოო ჯამში, გამოიტანეს დასკვნა, რომ აქ რეალურად მიმდინარეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება, რომ მოხდეს ამ საფუძვლით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლება გვაიძულონ, მივიღოთ უკანონო გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც კონსტიტუციით, არც კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კონვენციებით არანაირად არ არის გათვალისწინებული. ანუ, რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის გარემოცვა, მისი მეგობრებიც, მათ შორის საზღვარგარეთ, გვეუბნებიან, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ უფრო თანასწორია ზოგიერთი, მაგალითად, სააკაშვილი. ანუ, ყველა პატიმარი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოთო. ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, რასაც დღეს ევროპის საბჭომ უპასუხა მკაფიოდ, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. „ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.