არჩილ თალაკვაძე - უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
არჩილ თალაკვაძე - უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ გამოაცხადოს.

მისივე განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება გადადგმული.

„რაც შეეხება სანქციებს, სანქციებს შეიმუშავებს ამერიკა და ევროკავშირი. საერთაშორისო პარტნიორების ქმედით ნაბიჯებში სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სანქციებზე მუშაობა მომდინარეობს და პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა. იმედი გვაქვს, მოხდება ვითარების დეესკალაცია. უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს. რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარებას მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, რადგან ეს არის არალეგიტიმური ნაბიჯი. რუსეთს არ აქვს უფლება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ გამოაცხადოს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება გადადგმული“, – განაცხადა თალაკვაძემ.