არჩილ თალაკვაძე - უკრაინის მხრიდან არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით არ ყოფილა, რადგან ყველა საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც
არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას.
ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რაც იყო მისი უპირველესი დანიშნულება, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინაში, გვეთქვა სამძიმარი, დაეხმარება ჩვენ ურთიერთობებს და იმ კეთილგანწყობას, რომელიც უკრაინაში ვიზიტის დროს იყო“,- განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას კონტრაბანდული ტვირთის შესაძლო გატარებაზე საქართველოს გავლით რუსეთში, თალაკვაძის თქმით, კოლეგებს უკრაინაში აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია და ამას საქართველო არასდროს გააკეთებს.
„რაც შეეხება კონტრაბანდას, ჩვენ ავუხსენით პირისპირ ჩვენს მეგობრებს, რომ შეუძლებელია ფიზიკურად ამის გაკეთება, საქართველო ამას არასდროს გააკეთებს. ეს ერთი, და მეორე, საქართველოში ყველა საერთაშორისო ტვირთის გადაადგილება, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ სისტემების ნაწილში, რომლის წევრიც არის საქართველო, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. უბრალოდ შეუძლებელია, რომ საქართველოში ვინმემ სანქციებს გვერდი აუაროს. საქართველო ამ პროცესში, ისევე როგორც ბევრ სხვა ნაწილში, არის დასავლური საზოგადოების და დასავლური ოჯახის წევრი. ჩვენ ვართ მიერთებული მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მნიშვნელოვან სისტემებს, როგორც ლოჯისტიკურს, ისე საბაჟოს და აქ რაიმე კონტრაბანდაზე საუბარი შეუძლებელია. ეს ავუხსენით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.