არჩილ თალაკვაძე - უკრაინაში ჩავალთ ისინი, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, სახელმწიფო პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს
ჩვენი საპარლამენტო გუნდი, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ ეხებათ.
„ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენი და უკრაინის მრავალწლიანი ურყევი მეგობრობის შედეგად არსებობს ჩვენს მხარეს, ასევე უკრაინის მხარეს, საქართველო ასრულებდა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა და ამ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის, მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო, რასაც განსაკუთებით ბოლო პერიოდში ვხედავთ მედიაში. თუ ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაცია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავალთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარწმუნებთ, ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ სახელმწიფო პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება, ჩავა თუ არა უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თალაკვაძის განცხადებით, მას არასოდეს ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა.
მისივე თქმით, პაპუაშვილი საპარლამენტო საქმიანობას როცა დაუბრუნდება, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.
„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მას არასოდეს, არც წარსულში არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნა, რომ სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაშიც. როცა დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას. გარწმუნებთ, საქართველო ყველა დონეზე პოზიციას ღირსეულად გამოხატავს. შალვა პაპუაშვილს არასოდეს არ ჰქონია პრობლემა და არც მომავალში ექნება, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები, საერთაშორისო ვალდებულებები უნდა იყოს გამოხატული, თუნდაც ყველაზე რთულ დროს ყველაზე რთულ ადგილას ჩავიდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.