არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმე ამბობს, რომ დიპლომატებს თვალს უხვევენ, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა
ვთხოვ ჩვენს კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ნუ აჩქარდებიან, ნუ გააკეთებენ წინასწარ შეფასებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
ოპონენტების განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დიპლომატებისთვის თვალის ახვევას ემსახურება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს შეურაცხმყოფელი შეფასებაა.
„თქვენ გინახავთ ამ ქვეყანაში თვალახვეული დიპლომატები? მე არ მახსენდება ასეთი. შესაბამისად, ეს არის შეურაცხმყოფელი შეფასება. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ დიპლომატებს თვალს უხვევს ვინმე, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. მე ვთხოვ ჩვენს კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ნუ აჩქარდებიან, ნუ გააკეთებენ წინასწარ შეფასებებს. ისე არ აღმოჩნდეს, რომ ბოლოს, როდესაც უკვე ეს ცვლილებები დასრულდება, ჩვენ მივიღოთ პოზიტიური შედეგი და შემდეგ მათ შეექმნათ უხერხულობა, რომ თავიანთი შეფასებები გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, რეალურად რას ეხება ეს საქმე“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.