არჩილ თალაკვაძე - თუ სასამართლოს პოლიტიკური თავდასხმების ობიექტად გადავაქცევთ, მერე გაკვირვებით არ უნდა ვთქვათ, რატომ უმცირდება მას ნდობა
რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების შემდეგ, იუსტიციის სკოლა რეალურად ხდება სასამართლო სისტემის ის სტრუქტურა და კარიბჭე, რომელიც თავად მიიღებს ძირითად გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს კურსზე პროგრამაში მონაწილეთა დაშვების შესახებ და რეალურად, თვითონ იქნება ადამიანური რესურსის ფილტრი და გამტარი. ძირითად გადაწყვეტილებებს მიიღებს იუსტიციის სკოლა, სკოლაში არსებული საბჭო და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მას ექნება რეალური ბერკეტები, ავტონომია და გადაწყვეტილების მიღების რესურსი, რომელიც სასამართლო სისტემაში უფრო მეტ ბალანსს უზრუნველყოფს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ საქმიან რეჟიმში უზრუნველყო, რეფორმის მეოთხე ტალღის შემდეგ კი, ქართული სასამართლო კიდევ უფრო მეტად ეფექტური, სწრაფი გახდება და უფრო მაღალ შეფასებებს დაიმსახურებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიზება მიუღებელია.
„სასამართლო სისტემა არ უნდა გადავაქციოთ პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ველად. პირიქით, უნდა ვცადოთ, მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასოთ და მხოლოდ იმ განზომილებაში, რომ სასამართლო ყველას ემსახურება და ის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ჩვენი სურვილი ეს არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასამართლო რეფორმის წარმატებაზე მეტყველებს ის, რომ ევროსასამართლოში საჩივრების რაოდენობა შემცირდა და ქართულ სასამართლოს საერთაშორისო რეიტინგებში ბევრად მაღალი შეფასებები აქვს.
მისივე განცხადებით, სასამართლოს ყველა სამუშაო მონაცემში ჩანს, რომ დღეს დიამეტრალურად უკეთესი სასამართლო გვაქვს, ვიდრე წარსულში გვქონდა და ამას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ.
„სასამართლოს სამუშაო მონაცემები ეს არის – გირაოების შეფარდება, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დავების მოგების თანაფარდობა, წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი და ა.შ. ყველა სამუშაო მონაცემში ჩანს, რომ დღეს დიამეტრალურად უკეთესი სასამართლო გვაქვს, ვიდრე წარსულში გვქონდა და ამას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. თუ სასამართლოს ყოველდღიურად პოლიტიკური თავდასხმების ობიექტად გადავაქცევთ, მერე გაკვირვებით არ უნდა ვთქვათ, რატომ უმცირდება მას ნდობა. თუ ყოველდღე ვიტყვით, რომ ის ცუდი და უარესია, საზოგადოება ხომ უყურებს ამას?! ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და განვავითაროთ ის, რისი განვითარების რესურსიც არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.