არჩილ თალაკვაძე - თუ რამე ძირს უთხრის საქართველოში დასავლურ ფასეულობებს, ეს არის მისი ფარისევლობით დეკლარირება და სინამდვილეში საქმით ყველაფრის დისკრედიტაცია
პირველ რიგში, თუ რამე ძირს უთხრის საქართველოში დასავლურ ფასეულობებს, ეს არის მისი ფარისევლობით დეკლარირება და სინამდვილეში საქმით ყველაფრის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან აქვს მჭიდრო მხარდაჭერა და ეს ურთიერთობები ჩატარებული აქციის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.
„ამერიკა არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. საქართველოს აქვს ამერიკის და დასავლეთის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა. ეს თანამშრომლობა 25 წელზე მეტს ითვლის და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორმხრივი, ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს. შესაბამისად, ეს ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რა აქციებიც არ უნდა დაიგეგმოს. რა თქმა უნდა, აქციების ჩატარებას არეგულირებს კანონი და საქართველოში აზრის და პროტესტის გამოხატვა მშვიდობიანი გზებით არის დაცული კანონმდებლობით. ხელისუფლებას, ჩვენ როგორც მმართველ პარტიას, გვაქვს ჩვენი გამოხატული კურსი, პროდასავლური, პროქართული კურსი და ბუნებრივია, მომავალში საგარეო პოლიტიკური ვექტორი დარჩება უცვლელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას „ძირს უთხრის“ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც დეკლარირებული აქვთ დასავლური ფასეულობების მხარდაჭერა, მაგრამ სინამდვილეში ისინი იგნორირებას ახდენენ ადამიანის უფლებების.
„ანტიდასავლური განწყობები და რბილი ძალის გამოყენება, დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო გამოწვევა. ეს არ არის ახალი და მე მინდა, მედიას და საზოგადოებას ხაზგასმით ვუთხრა, რომ თუ ვინმე ძირს უთხრის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური ძალები რომელთაც დეკლარირებული აქვთ დასავლური ფასეულობების მხარდაჭერა, მაგრამ სინამდვილეში ისინი იგნორირებას ახდენენ ადამიანის უფლებების, მათ შემოიღეს ქვეყანაში როდესაც ქონდათ ამის საშუალება ელიტური კორუფცია, გათელეს ფეხქვეშ საკუთრების უფლება, დაარღვიეს ქვეყნის უსაფრთხოება და მოქმედებდნენ არა დემოკრატიული პრინციპების და დასავლური ღირებულებების, არამედ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგის თანახმად. პირველ რიგში, თუ რამე ძირს უთხრის ამ ქვეყანაში დასავლურ ფასეულობებს, ეს არის მისი ფარისევლობით დეკლარირება და სინამდვილეში საქმით ყველაფრის დისკრედიტაცია. ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა განსხვავებაა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ღიად უპირისპირდება ამ ფასეულობებს და იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც სადღეგრძელოებში ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოსწონს, მაგრამ საქმით აკეთებს საპირისპიროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.