არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია შეთავაზებულ კომპრომისულ ვერსიას არ დათანხმდა, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტით პროპორციული მანდატების რაოდენობა იზრდება, მაჟორიტარულის კი, მცირდება.
„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, ეს არის 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, ჯერჯერობით ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.
„შემდეგ რაუნდზე ჩვენ ველოდებით ამ შეთავაზების კონკრეტულ განხილვას. თუ არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და ვერ მოხერხდება შეთანხმება, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გასული წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზა. მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.