არჩილ თალაკვაძე - თუ ფარული ჩანაწერების შინაარსს შევაფასებთ, რასაც სალომე სამადაშვილი და მისი კოლეგები ამბობენ, მათ მიერვე გავრცელებულ ვერსიებს ეწინააღმდეგება
თუ ფარული ჩანაწერების შინაარსს შევაფასებთ, რასაც სალომე სამადაშვილი და მისი კოლეგები ამბობენ, მათ მიერვე გავრცელებულ ვერსიებთან წინააღმდეგობაში მოდის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ქალბატონი სამადაშვილი მანამდე გვეუბნებოდა, რომ სუბელიანს ხელში ისეთი სერიოზული ინსტრუმენტები აქვს, ხელისუფლება დატყვევებული ჰყავსო. ახლა კი ამბობს, ამ ნაწერებში ხელისუფლებაზეა განაწყენებულიო. მინდა, მათ ვუთხრა, მოდით, ჩამოყალიბდით, რას ამბობთ. თუ სუბელიანი ხელისუფლებას აკონტროლებს, აშანტაჟებს და მართავს, განაწყენებული როგორ არის და ასე როგორ ლაპარაკობს?! ეს ხომ ერთმანეთთან შესაბამისობაში ვერ მოდის?!“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ალბათობას, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი იმ საკმაოდ მძიმე ფაქტებს, მოწმეებზე ზეწოლას, გატაცებასა და წამებას, რაზეც სუბელიანი შაბათს გავრცელებულ ჩანაწერში საუბრობს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციებს ან დისკრედიტირებული ადამიანები ავრცელებენ ან ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
„ხელისუფლება აკეთებს საქმეს და ეს თქვენი შესაფასებელია. თუ თქვენ ხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში არეულობაა, ქაოსია და ადამიანებს ქუჩიდან იტაცებენ, რეგიონებსა და ხაზინას შეიარაღებული ბანდები მართავენ და ეს ამბები ხდება, თქვენ პირველები უნდა იყოთ, ვინც ეს უნდა თქვას. მაგრამ რეალურად, ამ ინფორმაციებს ან დისკრედიტირებული ადამიანები ავრცელებენ, ან აფერისტები, რომლებიც წარსულში სხვადასხვა მაქინაციებში იყვნენ მხილებული, ან ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს რაღაც უფლებადაცვითი მანტია მოისხეს. მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე, ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებდა იმ მძიმე სისტემურ დარღვევებს, რაც მაშინ ქვეყანაში იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.