არჩილ თალაკვაძე - ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის ამორალური
არჩილ თალაკვაძე - ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის ამორალური

თავისთავად ანომალიად მიმაჩნია, როდესაც ჩვენი ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობს და ამბობს, რომ გამოძიება ცუდია, გამოძიებამ არ იმუშავა, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ ამ კონკრეტულ საქმეებზე არ არის დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რა მიზანს ემსახურება ამის გაკეთება, თუ არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ საგამოძიებო პროცესი არ არის დასრულებული და კონკრეტული ადამიანები წარსულში დამნაშავეები და დღეს თავისუფალი ჟურნალისტები, წარსულში უფლებადამრღვევები და დღეს ვითომ უფლებადამცველები, წარსულში ტერორისა და მოქალაქეზე ძალადობის ავტორები, დღეს ვითომ თავისუფლების დამცველები, ამბობენ, რომ გამოძიებას ემიჯნებიან და უგულებელყოფენ ყველაფერს, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მე ვლაპარაკობ ხალხზე, ვისაც აქვს კონკრეტული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, რომ ნებისმიერი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური, ლეგიტიმური, სამართლებრივი ინტერესი ამ საქმეში არის დამნაშავის დაკავება და პასუხისმგებლობაში მიცემა. ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის ამორალური.

„მნიშვნელოვანია, რომ ის დასკვნები, რომელიც წარსულში ჩვენ სხვა საქმეებზე გამოვიტანეთ, იყოს გათვალისწინებული არა მხოლოდ რეფორმების დაგეგმვის, არამედ ნებისმიერი ახალი საქმის გამოძიების პროცესში. იყოს მეტი ღონისძიება ჩატარებული მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ეს არის ზუსტად რასაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ სამართალდამცველი სტრუქტურები, მაგრამ როდესაც ერთი-ორი ტელევიზია, ოპოზიციური პარტიის უშუალო დეპარტამენტები და დანაყოფები გამოდიან და საზოგადოებას ყოველდღე ეუბნებიან ვერსიებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას ასე უპასუხისმგებლოდ ლაპარაკი და ასე სწრაფად ლაპარაკი სხვადასხვა ვერსიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ შეუძლია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიების პროცესი მკვეთრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე რომელიმე უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.