დავსვათ კითხვა, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ პოლარიზაციის შესამცირებლად და რა გააკეთა ოპოზიციამ, განსაკუთრებით რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც, სხვათა შორის, 7-8 თვის განმავლობაში ახალი ოპოზიციური პარტიები ჰყავდა პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა.
„ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, სადაც სახელისუფლო შტოები გავმიჯნეთ და დავაზღვიეთ სამომავლოდ, რომ ეს კონსტიტუცია ხელისუფლებებმა არ მოირგონ თავის თავზე. შევქმენით საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმები, რომლის გამოყენებაც აგერ უკვე ორი წლისთავზე დაიწყო ოპოზიციამ.
ჩვენ შევცვალეთ დაფინანსების სისტემა პირველად საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში. ოპოზიციას გაუჩნდა რეალური დაფინანსება, რითაც შეიძლება, პატიოსან და კონკურენტულ არჩევნებში ჩაერთოს. ჩვენ მათ მივეცით დაშვება და ხელმისაწვდომობა მედიაზე და ესეც კანონმდებლობით იყო უზრუნველყოფილი არჩევნების დროს. ჩვენ შევქმენით გარემო, რომ პარლამენტში ყოფილიყო მეტი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი. ეს ნაბიჯები არის დეპოლარიზაცია.
სანაცვლოდ, რა გააკეთეთ თქვენ, როგორ „შეამცირეთ“ პოლარიზაცია. პოლარიზაცია კი არ შეამცირეთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ის გაზრდილიყო. ეს იყო ცილისწამება და პროპაგანდა, რეალობის გადაკეთება თქვენ მიერ კონტროლირებადი მედიით, რომელიც უდავოდ ზრდის პოლარიზაციას. ეს იყო არჩევნების შედეგების უპატივცემულობა, როდესაც თქვენსავე ამომრჩევლებს უთხარით, კი აგვირჩიეთ, მაგრამ არ შევალთ პარლამენტში, ჩვენ დავდგებით ქუჩაში და ქუჩის პოლიტიკით ვეცდებით შევცვალოთ მოვლენები. ეს იყო პოლარიზაცია. ის, რომ დღემდე ჯიუტად იმეორებთ და პრაქტიკულად ორუელის „1984“ გვახსენებდა იმ ქცევებზე, რასაც აქ აკეთებს ოპოზიცია. თქვენ ამბობთ, რომ ომი მშვიდობაა. სრულიად საპირისპიროს ამტკიცებთ, რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული. ეს არის პოლარიზაციის გაზრდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას უწევს ოპონირებას.
„გვითხარით, რა ნაბიჯები გადადგით, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო. ჩვენკენ იშვერთ ხელს და ევროპელ მეგობრებს რომ ეუბნებით, პოლარიზაცია გაზრდილია ქვეყანაშიო და ამით ხართ შეწუხებულები, ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ფარსი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ეკა ხერხეულიძემ თქვა, ესენი არიან საშიშებიო. ეს თქვა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, რომლის მმართველობის პერიოდში ამ ქვეყანაში ხდებოდა ყველაზე გაუგონარი საშიში ამბები. თავისუფლებაზეც და პატიმრობაშიც ადამიანები იყვნენ უსასტიკესი ტერორის ქვეშ. დედები იდგნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ჭიშკრებთან 24 საათი. არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ახსოვს ასეთი რამ, რაც აქ ხდებოდა. თქვენ ევროპული პარტია კი არ ხართ, თქვენ ხართ ევროპის და ევროკავშირის დროშაზე ჩამოკიდებული პარტია, რომელიც ევროპის სახელით აკეთებდით ყველაზე საშინელ დანაშაულებს და პოლიტიკას ქვეყანაში. ვისზე უნდა თქვათ, რომ ესენი არიან საშიშებიო. ყველა სექტორი ნახეთ, ადამიანის უფლებებით დაწყებული, დამთავრებული თუნდაც ბიზნესის თავისუფლებით და მიხვდებით, ვინ არიან საშიშები. საშიშები ჩვენ კი არა, თქვენ ხართ, რადგან აქციაზე, რომლის ორგანიზატორობას იბრალებთ, ხალხმა არ მიგიშვათ და უკანა რიგებში იმალებოდით. ყველამ იცის, რისი მკადრებლებიც ხართ.
ხატია დეკანოიძემ ძალიან პათეტიკურად თქვა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხიო და პრემიერისკენ იშვერდა ხელს ნიშნის მოგებით. დიახ, ხალხი ნამდვილად არის ხელისუფლების წყარო, მაგრამ თქვენ წყაროსთან ხართ ძალიან ცუდ ქცევებში შემჩნეული. ეს თქვენი წყარო არ არის და ამიტომ იდექით უკანა რიგებში და ვერ გაბედეთ, გამოსულიყავით და გეთქვათ ის, სინამდვილეში რისთვისაც გინდათ ამ აქციების, თუ ამ გულწრფელი მხარდაჭერის გამოყენება.
მთელი დღეა, მსჯელობა მიდის დღეს ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებზე. აბა, მითხარით, რა სამომავლო საკითხებზე ისაუბრა აქ რადიკალურმა ოპოზიციამ. რა შეკითხვები დასვით, რაზე წარმოადგინეთ თქვენი ხედვა. თქვენ რომ მართლა მომავალზე ფიქრობდეთ, ერთ ბოდიშს მაინც მოუხდიდით საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ ამ წლების განმავლობაში. დღესაც გინდათ, გადაიცვათ ახალი პოლიტიკური ტანსაცმელი, ახალი ნიღბები მოირგოთ და ისე გამოხვიდეთ პოლიტიკურ სცენაზე, ვითომ თქვენი გუშინდელი დღე საერთოდ არ არსებობს და არავის ახსოვს.
რამდენჯერმე აქ გაჟღერდა სიტყვა უკუსვლა და ვიცით, რომ ამ სიტყვას თქვენ ყველაზე ხშირად იმეორებდით, როდესაც ევროპაში მოგზაურობდით. ვიდრე არ გამხილეთ, რომ საქართველოს ბლოკავდით სტატუსის მიღების პროცესში. სანამ ხალხმა არ დაინახა, რომ არც ერთმა თქვენგანმა, „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, მხარი არ დაუჭირეთ საკუთარი ქვეყნისთვის უპირობოდ სტატუსის მიღებას, სიმბოლურად მაინც. თქვენს ქვეყანას ევაჭრებით. ხელისუფლებას კი არ უწევთ ოპონირებას, ქვეყანას. თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და გადაიქეცით ქვეყნის ოპონენტებად. ეს ეხება პირველ რიგში რადიკალურ ოპოზიციას.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მოლაპარაკებების პროცესში, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. არავითარი შეთანხმება არ უნდოდათ და საერთოდ არ უნდოდათ, პარლამენტი ჰყოლოდა ამ ქვეყანას. მათი ერთადერთი დევიზი იყო, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, არც ერთი არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ეს არის ორუელის კიდევ ერთი პოსტულატი. ორუელიც კი თავის წიგნში შეიტანდა, რომ ჰქონოდა საშუალება. ზუსტად ეს არის, „1984“-ის სცენარი, რასაც თქვენ აკეთებდით. მითხარით, რომელ ევროპულ სახელმწიფოს აუშენებია თავისი მომავალი წარსულის დავიწყებით. ეს თქვენი ნოუჰაუა. თქვენი დევიზია, რომ ომი მშვიდობაა. შეფარულად ეუბნებით საზოგადოებას, რომ ეს ქვეყანა უნდა აირიოს ნებისმიერ ფასად. თუ არჩევნებით ვერ მოვიგეთ, ომით უნდა მოვიგოთ რაიმე, თუ ომით ვერ მოვიგეთ, ქუჩაში არეულობით უნდა მოვიგოთ. ეს არის თქვენი ფორმულა და ამ რეალობით მართავდით სახელმწიფოს მაშინაც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.