არჩილ თალაკვაძე - თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ
არჩილ თალაკვაძე - თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ

ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის, რეალურად, პანიკა ხელს უშლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, ამიტომ, ამის ნაცვლად, საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ეფექტური და სწრაფი ზომების თვალსაზრისით.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, საბაჟოს თანამშრომლებსა და სხვა პირებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებებში, მადლობა გადაუხადა.

მისივე შეფასებით, პანიკის საფუძველი არ არის და ამის ნაცვლად, მთავარია, მოქალაქეებმა აუცილებელი პირობები დაიცვან.

„აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ წესებს – იქნება ეს დეზინფექცია, თვითიზოლაცია თუ კონტაქტების შეზღუდვა და გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომელსაც ამირან გამყრელიძე და მისი კოლეგები ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ საზოგადოებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებს და განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რისკ-ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, ამ ყველა პირობის და რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოც შეძლებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები რაც შეიძლება, ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგებით გადალახოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.​